საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ II-სთან შეხვედრაზე აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია დააფიქსირდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად. სალომე ზურაბიშვილმა მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა, აღნიშნული ეკლესიის, სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.
„ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ საქართველოს პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში. ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მიტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე. უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ II-სთან შეხვედრაზე.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სომხური ეკლესიის მეთაურმა აღიშნა, რომ „ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში”. პრეზიდენტი სალომე ზუარბიშვილი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.
საქართველოს პრეზიდენტი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ. გარეგინ II-ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.
ასევე, სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.
,,ჩვენ შეგვიძლია, მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიების საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ერევანში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზეთში სომხური ეკლესიები რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაშია გადაცემული, რაც კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან დიდი დარღვევაა.