თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს არავინ ავალდებულებს აუცილებლად გადაღებონ ავტომობილები.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა შეხვდეს ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ორშაბათიდან გაფიცვას გეგმავენ, კალაძემ უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით, მძღოლების დიდი ნაწილი რეფორმით კმაყოფილია, რადგან მათი საქმიანობა სათანადოდ იქნება დაფასებული.
„როგორც ვიცი, ტაქსის მძღოლების დიდი ნაწილი რეფორმით კმაყოფილია, რადგან საქმიანობა, რასაც ისინი ეწევიან, იქნება დაფასებული. შესაბამისად, ტაქსით მგზავრობა უნდა იყოს კომფორტული. თუმცა, მათ არავინ არ ავალდებულებს, აუცილებლად გადაღებონ ავტომობილები. არის ორი კატეგორიის ლიცენზია A და B , მათ შეუძლიათ აირჩიონ. თუ აქვთ სურვილი, აიღონ A კატეგორიის ლიცენზია, მოუწევთ გადაღებვა და ამაში ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ, ასევე ექნებათ შესაბამისი მანიშნებელი და წარწერა„თბილისი“. მათთვის ქალაქში, კონკრეტულ ადგილებში პარკირება იქნება უფასო. A ლიცენზიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და იქედან მიღებული შემოსავალი მათი საკუთრება იქნება. არის მეორე, B კატეგორია, რომელსაც შეუძლია, არც მანქანა გადაღებოს, არც ტაქსის მანიშნებელი დააყენოს “ – განაცხადა კახა კალაძემ.