მოქალაქეებისთვის, მათი თანხმობის გარეშე, სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა, ოთარ ჩახუნაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარდგენას აპარატი მიმდინარე წელს გეგმავს.
„პირდაპირი მარკეტინგის თემას ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა ანგარიშში და მათ შორის იგულისხმება კომერციული ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისთვის სმს შეტყობინებების გაგზავნის საკითხიც. დღეს არსებული რედაქციით არ არის აკრძალული პირდაპირი მარკეტინგი, თუმცა მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ ორგანიზაციებს, მათ შორის შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმიც, რომელიც პრაქტიკაში დაინერგა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გამოვლენილი ტენდენციით ძირითად შემთხვევაში ორგანიზაციები ითვალისწინებენ მოთხოვნებს, თუმცა დარღვევები გვხვდებოდა მაგალითად, შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმის გაუმართავად ფუნქციონირებაში და ა.შ.
ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხების დარეგულირება აუცილებელია. ვგეგმავთ, პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ მოქალაქეთა თანხმობით მოხდება სმს-ების დაგზავნა და მიღება. ამ წინადადების შეთავაზება პარლამენტისთვის მიმდინარე წელს არის დაგეგმილი,“-განმარტა ჩახუნაშვილმა.