საქართველოში არსებობს ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, იგივე “ოპონგოები”. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობას მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არ ჰყავს.
“არის ასეთი ტერმინი გონგო (GONNGO), რაც ნიშნავს სამთავარობო არასამთავრობო ორგანიზაციას Governmental NGO. რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არსებობდეს მთავარობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე პირდაპირ იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან და მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები წააგეს ეს გონგოები გახდნენ ოპონგოები ანუ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები. დღევანდელ ხელისუფლებას გონგოები არ ჰყავს”- ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს ნანა კაკაბაძეს მმართველ გუნდთან, რომლის ორგანიზაციაც არჩევნების მეორე ტურში აქტიურობდა ოპოზიციის წინააღმდეგ, კობახიძე ამბობს, რომ კაკაბაძეს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.
“ნანა კაკაბაძე საერთოდ არ არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული და ნანა კაკაბაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბებული აქვს წლებია”,- აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა თუ ვის გულისხმობდა “ოპონგოებში”.