წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტი ამოიცნეს.
ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავლებლად.
ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.
2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი მოიძიეს, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.