“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით ბრუნდება. პარლამენტის ბიურომ იურიდიული კომიტეტიდან ნატო ჩხეიძის გასვლა და დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით კომიტეტში ბესელიას შესვლა ცნობად დღეს მიიღო.
ამასთანავე, ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებას ამზადებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეს პროექტი განსაზღვრავს, არის თუ არა პარლამენტი მზად მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას უპასუხოს.
“ცვლილება გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება გარანტიები იმისა, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება”, – განაცხადა ბესელიამ.