ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნებისმიერ თემაზე საგამოძიებო კომისია არ უნდა იქმნებოდეს” – ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

მისი თქმით, ნებისმიერ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ უნდა იქმნებოდეს.

„პარლამენტი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის. თუ ჩვენ ნებისმიერ თემაზე საგამოძიებო კომისიების შექმნა დავიწყეთ, ეს სად მიგვიყვანს?! ჩვენ პროკურორები ვართ, გამომძიებლები თუ დეტექტივები? ეს ჯანსაღი და ნორმალური არ არის. ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და სულ სხვა ფუნქცია, მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქცია გვაქვს. არ შეიძლება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია თვეში ერთხელ ამა თუ იმ, თუნდაც აქტუალურ თემაზე იქმნებოდეს“– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებისადმი ნდობის ხარისხს, ირმა ინაშვილის თქმით, აუცილებელია პარლამენტის წევრების მხრიდან გამოძიების მიმდინარეობისადმი ინტერესი და კონტროლი.

„საგამოძიებო ორგანოების ნდობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან აუცილებელია, მაქსიმალური ინტერესი და კონტროლი იყოს, გამოძიება როგორ მიდის“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.

იტვირთბა....