ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არც ეყოლება.
მისი შეფასებით, სწორედ დიდმა ბიზნესმა მოსპო საარსებო სივრცე ხალხისთვის, მიითვისა ანაბრები და გაანადგურა სამუშაო ადგილები.
„მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არც ეყოლება. სწორედ მათ მოსპეს საარსებო სივრცე ჩვენი ხალხისათვის, მიითვისეს ჩვენი ანაბრები, გაანადგურეს სამუშაო ადგილები, დაგვიწესეს მათხოვრული პენსიები, არაადამიანურად დაგვიძვირეს განათლება, ჯანდაცვა, შუქი, გაზი, პური, წამალი. მოსპეს საშუალო და წვრილი ბიზნესი, მიტაცებული მილიარდები გაიტანეს უცხოეთში და დააბანდეს ოფშორულ ზონებში. დღეს მათ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი შექმნან გადარჩენის ფონდი, დაიწყონ წაღებული სიმდიდრის და ქონების უკან დაბრუნება, უარი თქვან პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და დაბრუნდნენ ეკონომიკაში. ყველა სხვა შემთხვევაში, მაფიაში ატეხილი შიდა ომი მთავრდება ერთ-ერთი მაფიოზური ჯგუფის გამარჯვებით. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. ეს უკვე აღარ უნდა დავუშვათ. ეს არის ბანდა და ამ ბანდას გამოასწორებს ერთადერთი რამ – პოლიტიკიდან ჯოხით მათი გაყრა და გარეკვა. ამ ბანდამ ისტორიის ყველა ეტაპზე თავად გააბა საკუთარი თავი ამ მახეში. თავის დროზე მათ მოიყვანეს შევარდნაძე, მერე სააკაშვილს აფინანსებდნენ, ახლა ივანიშვილს, ბოლოს ხდებიან მათი მსხვერპლი, ვისაც აძლიერებენ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საარჩევნოდ ხაზარაძესა თუ სხვა ბანკების ხელმძღვანელებს და კუთვნილი, კანონით გათვალისწინებული კრედიტი არ მოგვცეს, რის შედეგადაც მივიღეთ გაყალბებული არჩევნები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.