აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქობულეთის სასაფლაოზე საფლავების დიდ ნაწილს რკინის კარი და მოაჯირები მოხსნეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოებს ხშირად ძარცვავენ. მოქალაქეები, ნაქურდალს ჯართის ჩაბარების პუნქტებში საკუთარი ძალებით ეძებდნენ.
როგორც მოქალაქეები ყვებიან, საფლავების ქურდობამ ბოლო პერიოდში სისტემატური სახე მიიღო. ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ ღიად დარჩენილი ათობით საფლავი პირუტყვისგან დაუცველია და ფიქრობენ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი სასაფლაოს ტერიტორიაზე გარეგანათების დამონტაჟებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქობულეთის სასაფლაოების გაქურდვის ფაქტზე შეტყობინება უწყებაში არ შესულა, შესაბამისად არც მოკვლევა დაწყებულა.
რაც შეეხება ტერიტორიის გარე განათებას ამ ეტაპზე სამუშაოები ვერ დაიწყება. ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე ამბობს, რომ საკითხი შესასწავლია, სამუშაოებია მოცულობა განსასაზღვრია და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ტერიტორია განათდეს.
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი