ტოპოგრაფი კობა კიკნაძე დედაქალაქის მერს, არსებული სატრანსპორტო საშულებების ალტერნატივად, სამგზავრო საბაგიროს სთავაზობს.
კობა კიკნაძის მოსაზრებით, მის მიერ წარმოდგენილი საბაგირო გზის სისტემა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ალტერნატიული ტრანსპორტი და მგზავრებსაც გარეუბნებიდან ცენტრისკენ ეკოლოგიის დაზიანებისა და საცობის გარეშე გადაიყვანს.
“ინოვაციური სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების აქტუალურობა გამოწვეულია მგზავრების გადაყვანის ბოლოდროინდელი პრობლემებით, ასევე საცობებით. ტრადიციულად, სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრა ხდება სატრანსპორტო საშუალებების დახვეწით, მათი ტევადობის გაზრდით, სპეციალური საგზაო ბილიკების გამოყოფით და სხვა საორგანიზაციო ღონისძიებებით, რომლებსაც არ მივყავართ სასურველ შედეგამდე. წარმოგიდგენთ ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებას, სამგზავრო საბაგიროს. მისი უპირატესობა მომსახურების უწყვეტობა, მექანიზაციის მაღალი დონე, გზების განტვირთვა და ელ.ენერგიის გამოყენებაა. ეს არის მოძრავი ვაგონები კაბინები, რომლებიც მიწის ზემოთ, გარკვეულ მანძილზე მოძრაობენ. მათი მუშაობა არაა დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე (გარდა ქარიშხლისა). საცობებით გადატვირთულ გზებზე ეს არის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალება, მინიმალური დროისა და თანხის დანაკარგით. მისი დადებითი მხარე არის ასევე, კომფორტული გადაადგილება, განსაკუთრებით, ბავშვებისა და შშმ პირებისთვის. ადამიანი, რომელიც შორეულ რაიონებში ცხოვრობს, შეძლებს მიაღწიოს ქალაქის ცენტრში სუფთა ტრანსპორტით 30 წუთში. საბაგირო წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საბაგირო გზების გაკეთებაზე დაიხარჯება გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე დამატებით ხიდებისა და გზების ასაგებად.”- აღნიშნავს კობა კიკნაძე.
bfm.ge