საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისევ ისაუბრა მედიასა და სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე.
მისი თქმით, სიძულვილის ენის ნიაღვარი უნდა შეჩერდეს და საჭიროა ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცეს საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესები.
„ჩვენს ქვეყანაში, და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრომას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუ რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, დეზინფორმაციას. სიძულვილის ენის ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ.
როცა მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება შეიძლება ინფორმაციის მიღმა დარჩეს, რაც მას ანალიზის საშუალებას ართმევს.
ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფოს სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება.
ხორავას უდიდესი ტრაგედია სიძულვილის და გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე.
მე გამოვედი ასეთი ინიციტივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში, რო სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისკენ იყო მიმართული, თუმცა სიტყვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო დგას. მეორე მხრივ კი ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამების სახით ემუქრება.
ჩემს ინიციატივას მოჰყვა კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან და იმედია, შევძლებთ შეჯერებას“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამერნტში მივიდა.