“როგორც ჩანს, ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ”, – ამ სიტყვებით დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, პარლამენტში მიმართა.
“თქვენ ამ წლის ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ – გიორგი გახარია, ის 2011 წლის 21-22 აპრილს, თქვენი ბანკის მიერ სესხის უკანონოდ გაცემის იძულების ორკესტრანტიც იყო. ახლა რასაც ბრძანებთ, დირექტორების მიერ იყო გატანილიო, დიახ, ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით, რომ მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს, ამას ინკუბენსი ჰქვია, თქვენ არ გქოდნათ უფლება, ეს თანხა გაგეტანებინათ, ბანკის თანამშრომლები ამას არც გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება და ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. ძალიან ცუდია, ბატონო მამუკა, რომ ახლა მთელი პასუხისმგებლობით ამას აცხადებთ, სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. მე სოლიდარული ვიყავი და დავრჩები სოლიდარული თქვენ მიმართ, მაგრამ როგორც ჩანს, ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. მე რა დავაშავე, თორემ დანარჩენი ყველაფერი ასეა… ძალიან ცუდია, მთელი პასუხისმგებლობით ტყუილს რომ ბრძანებთ, ბატონო მამუკა, გასაგებია რატომაც, მაგრამ უკვე გაბედეთ და დაასახელეთ ორკესტრის ერთი წევრი, სხვათა შორის, “ომეგა ჯგუფმა”ორკესტრის ყველა წევრი დაასახელა, დირიჟორიანად, მაგრამ პროკურატურაში ის საქმე გაჩერებულია, თქვენამდე გამოკითხვაზე ჯერ არ მოსულან და არც მოვლენ აქ, საქართველოში. მადლობას სამწუხაროდ ვერ გადაგიხდით პასუხისთვის”, – მიმართა ჩხეიძემ ხაზარაძეს.
რაზეც ხაზარაძემ უპასუხა, რომ მისი განცხადება, ტყუილია.
“ქალბატონო ნატო, უნდა გიპასუხოთ, თქვენი განცხადება, რომ მე თითქოს, ვიღაცას რაღაც დავავალე, არის ტყუილი. ლონდონით ნუ გვაშინებთ, ლონდონის მისამართიც ვიცით, ძალიან კარგად”, – განაცხადა ხაზარაძემ.