ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია – ამის შესახებ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბანკმა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც არქივში ჰქონდა, უწყებებს გადასცეს.
“2018 წლის ივნისიდან 4 სხვადასხვა უწყება შემოვიდა ერთდროულად. ეს იყო: ფულის მონიტორინგის სამსახური, ეს იყო პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი. პარალელურ რეჟიმში დაიწყეს ჩვენგან კონკრეტულად ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღება. მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობით საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს, შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელიწადზე მეტი ვადისაა. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავანადაგუროთ ეს დოკუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი საქმიანობა არის გამჭვირვალობაზე დაყრდნობილი, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა იურიდიულად, კანონით მონიჭებული უფლება დოკუმენტების განადგურების, ჩვენ დასამალი არაფერი გვქონდა და ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ბოლო 10-12 წლის გვქონდა არქივში, მივეცით. ასეთი შემოტევა 27 წლის განმავლობაში არ გვქონია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.