2018 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ორი უნივერსიტეტი შეამოწმა და დადგინდა, რომ მათ საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია. უწყების ცნობით საინფორმაციო დაფაზე სტუდენტების სახელი, გვარი, პირადი ნომრი და ჯგუფის ნომრი იყო მითითებული.
„უნივერსიტეტები მონაცემთა გასაჯაროების მიზნად ასახელებდნენ სტუდენტთა ინფორმირებას. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო სხვა ფორმითაც – ინდივიდუალურად, ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია. ორივე უნივერსიტეტი ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. ასევე დაევალათ სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის შემუშავება“, – აღნიშნულია უწყების 2018 წლის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, აღნიშნული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტები ინსპექტორის აპარატთან საკონსულტაციო რეჟიმში აქტიურად თანამშრომლობდნენ.