ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა ანდრიამ, დეკანოზი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში მოინახულა

სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში დეკანოზი მამალაძე ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა.

მისი თქმით, მსჯავრდებულ დეკანოზთან ზეთის ცხების მიზნით იყო შესული.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მსჯავრდებულთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, რომელიც საპატრიარქოს განცხადებასაც შეეხო.

ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს დეკანოზის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მეორე მხარის ქცევაზეა დამოკიდებული, რადგან საპატრიარქო შანტაჟის მცდელობას არ აჰყვება.

„ვისაუბრეთ იმ გარემოებაზე, რაც ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განვითარდა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ტელევიზიამ საპატრიარქოს განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია სცადა, თუმცა თავად მამა გიორგისთვის და მისი ოჯახისთვის სრულიად გასაგებია, რა იგულისხმებოდა. განცხადება ემსახურება პროცესისთვის ნათელის მოფენას. საქმე იმაშია, რომ ერთდროულად მუქარისა და შანტაჟის ტონით საუბრისას საპატრიარქოს მხრიდან მისთვის შეწყალების შუამდგომლობის თხოვნა არის ძალიან ალოგიკური. საკვირველია, როგორ შეიძლება არ ესმოდეთ მის ქომაგებს, რომ ეს ორი რამ შეუთავსებელია. ვფიქრობთ, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს დაძაბული ვითარება და საპატრიარქოს არ მიეცეს შეწყალებაზე შუამდგომლობის დაყენების საშუალება“,-აცხადებს გიორგი ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ადამიანები, ვის ხელშიც დეკანოზის ოჯახი მძევლად აღმოჩნდა, ცდილობენ ეს ოჯახი ეკლესიის წინააღმდეგ ხანგრძლივად გამოიყენონ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილში, სადაც მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებაზე იყო საუბარი, საპატრიარქო გულისხმობდა მხოლოდ სულიერ ნაწილს და არა სამართლებრივ მხარეს.

„ეს განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს საპატრიარქომ იმედი გადაუწურა პატიმარს და ოჯახს შეწყალების შუამდგომლობაზე. სინამდვილეში ამ განცხადებამ გამოაჩინა გზა, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. პარადოქსული ვითარებაა, წამოწიეს დეკანოზის წერილი, როგორც საპატრიარქოს წინააღმდეგ შანტაჟის შემცველი დოკუმენტი, თუმცა ახლა ჩვენ ვითხოვთ მის გასაჯაროებას, რომ მოსახლეობას არ დარჩეს კითხვები. ის ხალხი კი, ვინც ეს წერილი წამოწია, ამბობს, რომ აღნიშნული წერილი აბსურდულია, დაწერილია ფსიქოლოგიური სტრესის პირობებში და მის გასაჯაროებას აზრი არ აქვს. საპატრიარქოს განცხადების ერთი ნაწილი განსაკუთრებით ინტერესს იწვევს, მასზე მოხდა აქცენტის გაკეთება. საკითხი ეხება მსჯავრდებულისადმი მიმართვას, რომ მისი წილი დანაშაული აღიაროს. ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს სასამართლოს მიერ წაყენებულ ბრალს, ეკლესია ამას ამბობს მხოლოდ სულიერ ბრალეულობასთან დაკავშირებით, რაც საეკლესიო წიაღში შეიძლება იქნას განხილული”,-აცხადებსანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზ ანდრიას განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, მიმართავს თუ არა საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

„საპატრიარქო როგორც სხვა ჯგუფი ან ორგანიზაცია, გარკვეულ რეკომენდაციას უწევს ამა თუ იმ მსჯავრდებულს. თუ საპატრიარქოს მიმართავენ თხოვნით და შესაბამისი ფორმით, ეს სულაც არ ნიშნავს გარანტიას, რომ კომისია შეიწყალებს ან პრეზიდენტი აპრიორი დაეთანხმება ამ შუამდგომლობას. ჯერ უნდა ამას მიეცეს შესაბამისი ფონი. თუ რამე დარჩათ ეკლესიის წინააღმდეგ სათქმელი, საჩვენებელი ან გამოსაქვეყნებელი, ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ, რა აქვთ, ან აქვთ თუ – არა. ჩვენ ვფიქრობთ, ეს მხოლოდ სპეკულაციაა და საქმე სპეციალურად არის მიყვანილი ჩიხში, რომ დიდხანს იყოს სალაპარაკო”, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის ამჯერად მკურნალობას სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში განაგრძობს.

იტვირთბა....