“უმრავლესობაში მსჯელობისა და დისკუსიის რესურსი ამოწურულია და გვინდა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მოვიპოვოთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანის განმარტებით, ფრაქციის გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად განაგრძონ პოლიტიკური მოღვაწეობა, ახალი არ არის და უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობას.
მისივე თქმით, გამოყოფასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხებია დარჩენილი.
„ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძალიან ინერციულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება ხდება ერთ ადგილზე და რადიკალური ცვილებებია განსახორციელებელი. ბიუჯეტთან დაკავშირებით მივმართეთ, თუმცა არ მოხდა ჩვენი წინადადების დაკმაყოფილება. ჩვენ მოვითხოვთ რევოლუციურ ცვილებებს, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში. რას არ აკეთებს „ოცნება“, თუ რაშია განსხვავება ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს, ამიტომ, უნდა გამოვეყოთ „ოცნებას“. დარჩენილია ტექნიკური გაყრა დანარჩენი გადაწყვეტილია. არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, დანარჩენ ყველა ჯგუფთან ვითანამშრომლებთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.