ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბატონმა ბიძინამ დეპუტატებს უთხრა, გინდათ დარჩით, გინდათ წაბრძანდით ან გაგრიცხავთო” – ქუცნაშვილი

ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან წასულ წევრებს მისცა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

“უთხრა, გინდათ დარჩით და იმუშავეთ, გნებავთ წაბრძანდით, გნებავთ გაგრიცხავთ, აი აირჩიეთო.. თუ ვინმეს გინდათ დაჩაგრულის იმიჯი შეგიქმნათ, თქვით”, — ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი ტვ პირველის ეთერში.

ქუცნაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი იყო, პარტიაში არსებული შეუთანხმებლობა აღმოეფხვრა:

“დღეს მიდის ოპოზიციის ჩანაცვლების პროცესი. თავად ოპოზიცია არ უყურებს ჩვენგან წასულებს სანდოთ და საიმედოდ. ისინი აცნობიერებენ, რომ ეს არის ჩანაცვლების პროცესი” – ქუცნაშვილი

ბოლო პერიოდში ქართული ოცნება დატოვეს ეკა ბესელიამ, გედეან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებმაც დატოვონ.

მმართველი პარტიიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

იტვირთბა....