ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარიამ ჯაში – აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე

პარლამენტში დეპუტატებმა აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ დარგობრივი სამინისტროების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და აზერბაიჯანის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ექსპერტები და საკითხით დაინტერესებული პირები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატებმა იმსჯელეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, კახის რაიონში ქართული კულტურის სახლის აღდგენისა და ქართული მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძისგანცხადებით, პრობლემები, რომელიც არსებობს აზერბაიჯანის ქართველებით დასახლებულ რეგიონში, არის მოგვარებადი. „ორივე კომიტეტი ვაპირებთ ერთობლივ ვიზიტს ჰერეთში და, სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით იმისთვის, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისგანცხადებით, არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვისაც. „თითოეული პრობლემა, რომელიც დაისვა, უნდა გადავიყვანოთ ორმხრივი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის ფორმატში“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება სქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე. „უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, შეიძლება აღნიშნულმა კომიტეტებმა იფიქრონ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე საბჭოს სახით ან კომისიის სახით, რომელიც იმუშავებს საინგილოს თემაზე და ასევე უფლებების გათანაბრების საკითხზე. „ ჩვენ გვაქვს 10 საკითხი, რომელიც გადასაჭრელია. შეგვიძლია ამ მიმართულებით რეგულარულ ფორმატში გადავიყვანოთ მსჯელობა და, შესაბამისად, პროგრესის მონიტორინგის შესაძლებლობაც გვექნება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ერთობლივად განსახილველი საკითხის შემდეგ თითოეულმა კომიტეტმა საკუთარი დღის წესრიგით იმუშავა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატებმა ღია კენჭისყრით ირმა ნადირაშვილი აირჩიეს.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. მომხსენებლის – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის,ნათია ზედგინიძის განმარტებით, ცვლილების შედეგად, სკოლებში შესაბამისი საგნების სწავლებისას აქცენტი გაკეთდება იმ არსობრივ ზოგადსაგანმანათლებლო სიკეთეებზე, რასაც საგანი ფარავს და არა იმ ტექნიკურ სტანდარტებსა თუ უნარებზე, რაც საჭიროა მოსწავლემ გამოიმუშავოს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა მოხდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე.

იტვირთბა....