უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში” განაცხადა, რომ კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედი ფოფხაძის გარიცხვაზე თანხმობა მიეცა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მასთან ერთად კიდევ 5 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა. კერძოდ ვისი, ფოფხაძემ არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ სიაში ეკა ბესელიას გვარი მაშინ არ ყოფილა.
,,მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პრინციპულად ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ვინაიდან ჩემი მეგობრები ცდილობდნენ ებრძოლათ ამ სივრცეში, ჩავთვალე, რომ მე შეიძლება მათთვის სასარგებლოდ ვყოფილიყავი. საერთოდ შიდაპარტიულ ბრძოლას არ უნდა გაექცე. თუ არის რამე რესურსი, რომ შეცვალო ვითარება უკეთესობისკენ, სჯობს ეს რესურსი გამოიყენო. მედროვეებს, კარიერისტებს, ანგარებიან ადამიანებს, რომლებიც ეტმასნებიან პოლიტიკურ პროცესებს, აღნიშნული სივრცე უბრძოლველად არ უნდა დაუთმო“, – განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ნინია კაკაბაძის საკითხთან დაკავშირებით მისი გამოსვლები ,,ვიღაცებს ყელზე დაადგათ“. თუმცა, დირექტივა, რომ საჯარო სივრცეში განსხვავებული აზრი არ გამოეთქვათ, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა.
,,მაშინაც ვთქვი, რომ თუ სამთავრობო პარტიის შიგნით არ არის დემოკრატია და განსხვავებული აზრის გამო შეიძლება ადამიანებს პასუხი მოსთხოვონ, მაშინ ქვეყანაშიც დემოკრატიის ხარისხი შემცირდება. მე მიმაჩნდა, რომ მაშინ საჭირო იყო ჩვენი პოზიციები დაგვეცვა, რაღაც გამოვიდა, რაღაც – არა. ახლა კი უკვე პირდაპირ დაისვა საკითხი, საჯარო სივრცეში საკითხების განხილვა არაფრით არ შეიძლებაო და ეს შეიძლება გახდეს პოლიტიკური ორგანიზაციიდან გარიცხვის საფუძველიო. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი და კომუნისტურ-საბჭოური სტანდარტი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.