ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
“ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია, მივიღებდი”, — აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გეგა გეგეშიძესთან მუშაობა არ შეუძლია და ქვეყნიდან წავა, მიუხედავად იმისა, მიეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია.
“ანუ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი” —წერს სპორტსმენი.
მისი აზრით, პრეზიდიუმის წევრები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს ქვეყნიდან წასვლა სურს.
“რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ”, — ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
დათუნაშვილის თქმით, მას მხოლოდ ერთ გზას უტოვებენ — წავიდეს ქვეყნიდან.
“თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ”, — ნათქვამია განცხადებაში.