საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროპულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, რაშიც მას წარსულში მიღებული გამოცდილება დაეხმარება.
„დღეს საფრანგეთი ძალიან ბევრს აკეთებს, რაც წარსულში წარმოუდგენელი იყო. მაკრონმა მკაფიოდ განაცხდა, რომ პარიზი საქართველოს მხარს უჭერს, რითიც შეუძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გამოცემა წერს, რომ „სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და დიპლომატის კარიერის სამი ათეული წელი ამ ქვეყნის საგარეო სამსახურში გაატარა“.
„სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, როგორიც ბევრ ჩვენს მამაკაც კოლეგას უნდა რომ იყოს, რკინის ხელი აბრეშუმის ხელთათმანში“, – ციტირებს გამოცემა „პოლიტიკო“ ფრანგი დიპლომატის, მურიელ დომენაკის სიტყვებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილის წინაპრები დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ოკუპაციისას, 1921 წელს დატოვეს სამშობლო.
„ამ მოვლენებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ზურაბიშვილის შვილებს სიკვდილით დაემუქრნენ, მაშინ როდესაც არჩევნებში პრორუს კანდიდატს დაუპირისპირდა“,- წერს „პოლიტიკო“.
ამავე დროს, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან გამარჯვებას გაცილებით ადრეც მიაღწია – როდესაც 2004 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში, მან შეძლო საბჭოთა პერიოდის სამხედრო ბაზების დახურვაზე მოსკოვის დათანხმება.
„ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრებოდა, რომელიც საკმაოდ ხისტი მომლაპარაკებელია“, – წერს „პოლიტიკო“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი აცხადებს, რომ ლავროვთან მოლაპარაკებების დროს, ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი ფრაზაც კი უთხრა „ნუ მეთამაშებით თქვენი საბჭოთა ხრიკებით“.
„პოლიტიკოს“ შეფასებით, ზურაბიშვილი ხშირად ხისტია, მაგრამ ის დიპლომატიას აფასებს.
„ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა, როდესაც საქმე რუსეთთან დისკუსიას ეხება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ ის და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საფრანგეთის დიალოგის დროს საქართველოს აუცილებლად ახსენებენ, თუმცა „წარმატების გარანტიას დღეს ვერავინ იძლევა“.
„არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია. მისივე თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ „საფრანგეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოწადინებულია გააგრძელოს ევროპული პროექტი“.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს ევროკავშირთან, სადაც კი ეს შესაძლებელია. იქნება ეს კულტურა, განათლება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ეკონომიკური თანამშრომლობა კონკრეტულ სფეროებში“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
„პოლიტიკოს“ შეფასებით, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის ხედვას და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი გვერდიდან დაწყების შესახებ განაცხადა.
„ზურაბიშვილს სურს ქართული და ფრანგული ქალაქების დამეგობრება, ასევე საქათველოს წარდგენა ფრანგული წიგნების ბაზრობაზე და სხვა კავშირების გამყარებაც“, – ნათქვამია სტატიაში.