ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ გეგეშიძე პრეზიდენტი უნდა იყოს, შერიგებას არ აპირებს და გუნდიდან წავა.
მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.
“ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ”, – განაცხადა დათუნაშვილმა.
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო. სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერები გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვდნენ.