პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ რეზოლუციას მომავალში დაემატებიან „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები, რომლებმაც კოაბიტაცია გამოაცხადეს და უღალატეს ქართველ ხალხს
„ვიდრე პარამენტში შემოვიდოდით, ჩვენს ამომრჩეველს დავპირდით, რომ აუცილებლად დავაყენებდით წინა რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებისა საკითხს. ეს პირობა შევასრულეთ. მეტიც, ამ რეზოლუციის მხარდამჭერი ოთხასი ათასი ხელმოწერა შეგროვდა. რვა თვის განმავლობაში უმრავლესობა მიზანმიმართულად აჭიანურებდა ამ პროექტის კენჭისყრაზე გამოტანას. ჩემი დიდი ძალისხმევით, გუშინ გავიდა კენჭისყრაზე. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქართული ოცნების 39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ზავი დადო ბოკერიასა და სააკაშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი მათ მორიგჯერ მოიხსენიებს მთავარ ოპოზიციურ ძალებად და ძალიან წუხს, თითქოს ჩვენ ვაპირებდით ამ პოლიტიკური ჯგუფების ალაგმვას პოლიტიკური ველიდან. მინდა ვუპასუხო ქალბატონ თამარს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებდით და ვაპირებთ და აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი საქმიანობა წარსულში იყოს შეფასებული და გამოცხადდეს დანაშაულებრივ რეჟიმად. მაგრამ ჩვენს რეზოლუციას მომავალში აუცილებლად დაემატება მესამე პუნქტი – „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები, რომლებმაც კოაბიტაცია გამოაცხადეს და უღალატეს ქართველ ხალხს, ისინი ასევე მოხვდებიან მომავალ რეზოლუციაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ალაგმვა სწორი არ არის და „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ამიტომ შეიკავა.