“შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში, გუშინდელი კენჭისყრები, მინიმუმ, დასაფიქრებელია და იმის საფუძველია, რომ ადამიანმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს, – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ვატო შაქარაშვილმა „მეტრონომის“ შეკითხვას, ხომ არ არის მისი კრიტიკული განცხადებები იმის მანიშნებელი, რომ „ქართულ ოცნებას“ ისიც დატოვებს.
შაქარაშვილის განმარტებით, მისი კრიტიკა გუნდის დატოვების პირდაპირპროპორციული არ არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის პოზიციაა, რომელიც მან დააფიქსირა, გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ.
„ჩემი კრიტიკა „ქართული ოცნების“ დატოვების პირდაპირპროპორციული არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საზოგადოებისა და ჩვენი ამომრჩევლისთვის ის არის, თუ რა პოზიციაზე ვდგავარ, ვიდრე ის, რომელი პარტიული მანდატი მედება ჯიბეში. პოზიცია კი უკვე დავაფიქსირე – ღირებულებების სერიოზულ აცდენასთან გვაქვს საქმე, გაუგებარია, ერთი ხელით მხარს არ უჭერდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმად აღიარებას, მხარს არ უჭერდე მათი ჯალათი მოსამართლეების თავხედობის დასასრულს და პარალელურად, ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას და ბევრ ღირსეულ ადამიანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დებდე ბრალს. ეს ლოგიკა გაუგებარია, ვერ გაიყიდება, არ იმუშავებს. შეგვიძლია შავ თოვლს შევადაროთ, იგივენაირი სიტყვათაშეთანხმებაა, ამიტომაც გაუგებარია ჩემთვის ესეთი განცხადებები. დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, მე არ ვარ პარლამენტის წევრი და ვერ დავტოვებ ერთობას, რომლის წევრიც არ ვარ, თუმცა პოლიტიკური პროცესი შეუქცევადია და გუშინდელი კენჭისყრები მინიმუმ დასაფიქრებელია, მინიმუმ იმის საფუძველია, რომ ადამიანმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ვატო შაქარაშვილმაა.