დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის პირველი ივლისიდან, თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება.
მისი განმარტებით, ავტომობილების მფლობელები პარკირების საფასურს ზონების მიხედვით გადაიხდიან, დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით კი მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება შეეძლებათ.
„პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება, არის კოტე აფხაზის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა და ასევე მიმდებარე ქუჩები. პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. ასევე გადასახადი სრულიად არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანას. ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15 წუთიანი პარკირებით. საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით მოხდეს პარკირების საფასურის გადახდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.