8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია – სოლიდარობის ქსელი, სლოგანით – “არ არსებობს უმუშევარი ქალი” მსველელობას გამართავს.
ორგანიზატორთა განცხადებით, ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობს, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდის. მათივე თქმით, ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა.
“კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესალებლობა იქნება, გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ნერვებს და ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით და ჩვენ თვითონ, უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა გავგიფუჭდება, ხელით ვრეცხავთ; როცა ავად გავხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის მაგივრად დამატებით ჟაკეტს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს დახეულ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ”, – ვკითხულობთ სარვამარტო მანიფესტში, რომელშიც ყურადღება რიგ საკითხებზეა გამახვილებული. მათ შორისაა:
თანასწორობა და შრომა, დეკრეტი, ბაღები, გარემო, საბინაო პოლიტიკა, სუფთა ეკოლოგია, ბავშვები, პენსია, ჯანდაცვა, ქალები რეგიონში, კულტურა და ხელოვნება, მასმედია, მარტოხელა დედა.
მანიფესტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი
მანიფესტს მხარს უჭერს Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი