მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით, 21 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ხელმოწერების შეგროვებასა და კამპანიას “მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ იწყებს.
ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას პარლამენტიშ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პასუხობს.
მისი თქმით, თემა დახურულია და ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2024 წლამდე არ გეგმავს.
„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია, მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, გახსოვთ, 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია 2 საფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. არის რეფორმა დასრულებული, ეს თემა არის დახურულია, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა იმ კანონმდებლობით, რომელიც არის დღეს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 71% პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით კი მაჟორიტარების ბიუროების შენახვა ხალხს წელიწადში 4 მილიონი უჯდება.
ოპოზიციური სპექტრის აზრით, მაჟორიტარული სისტემა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელში მანდატების მოპოვების არასამართლიანი ბერკეტია და ამ ინსტიტუტს ხალხისთვის სარგებელი არ მოაქვს.