სადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფრმაციას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ავრცელებს.
როგორც ზავრადაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დამწვარია 150 კვ.მ. ფართი, სადაც მეორადი ტანსაცმელებისა და სარეცხი საშუალებების საწყობი იყო. მისივე თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზარალებულებს კანონის შესაბამისად დაეხმარება.
„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ლაპარაკი. რაც შეეხება მდგომარეობას, დამწვარია საწყობი, რომელიც კაპიტალურად იყო გაკეთებული. დაზიანებულია მეორადი ტანსაცმლის ნაწილი და სარეცხი საშუალებები. სანამ გამოძიება ინფორმაციას არ დადებს, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლი არ არის, თუმცა დაკვამლიანება შეინიშნება. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, აქ არიან მეპატრონეებიც, „თელასისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები.
ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი პირია დაზარალებული. ამ ბაზრობის ხელმძღვანელობას მსგავსი ინცინდენტი ერთი წლის წინაც ჰქონდა და ბევრი გაუკეთეს თავის მოვაჭრეებს. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ არის დაზარალებული და რა ზარალზეა ლაპარაკი. მერე ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ,თუმცა, ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა და როგორც აქამდე ვეხმარებოდით კანონის ფარგლებში, ასევე დავეხმარებით მეპატრონესთან ერთად. სხვა ფართზე ხანძრის გადასვლის საშიშროება ამ წუთებში აღარ არის, ცეცხლი ლოკალიზებულია“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.