ახალი ამბები ბანკები მთავარი საზოგადოება

მოქალაქეებს სესხის განულების დამადასტურებელი ცნობის აღებას ურჩევენ

„პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია“ იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც სესხი გაუნულდათ. ორგანიზაცია ურჩევს მათ აიღონ ცნობა, რომლითაც დადასტურდება დავალიანების განულების ფაქტი.

“მეტრონომი” სპეციალურად ეწვია “საქართველოს ბანკს” და გაარკვია, რომ მსგავსი დოკუმენტის აღება 10 ლარი ღირს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, პრობლემური სესხების ე.წ. ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს. ამიტომაც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ასოციაცია მსესხებლებს შესაბამისი ცნობის აღებისკენ მოუწოდებს.

„კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა (ქართუ ფონდმა) შეიძინა გაპრობლემებული აქტივები კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან, ზოგმა უარი თქვა პორტფელის გაყიდვაზე.  თუმცა ჩამოწერის პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა, რასაც მივესალმებით.  კარგი ინიციატივა იყო, თუმცა ამომღებმა კომპანიებმა თავიდან დაიწყეს გადახდის მოთხოვნა. ყველამ, ვისაც სესხი გაგინულდათ, მიმართეთ კომპანიებს განულების ცნობის ასაღებად, დოკუმენტი, რომ აღარ გაქვთ დავალიანება ამა თუ იმ კომპანიის მიმართ. თუ სიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთზე, მიმართეთ წერილობით. დავიცვათ ჩვენი უფლება და დავიზღვიოთ თავი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, წინასაარჩევნოდ და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, პრობლემური სესხების განულების ინიციატივა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით ვალი 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერა.

 

იტვირთბა....