ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც სტუდენტები ბიზნესსკოლის ყოფილ რექტორს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
სტუდენტები ითხოვენ გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის ძველი სტატუსის აღდგენას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა აღნიშნულ მოთხოვნას უერთდება უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი, თავად გიორგი ქადაგიძის განცხადებით კი, ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც სტუდენტებმა დაიწყეს და რომელიც აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.
„ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც დაიწყეს სტუდენტებმა და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილდება, ვინაიდან თითოეული მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლებას. მე სოლიდარული ვარ თითოეული სტუდენტის მიმართ და ჩვენ ერთად გავივლით ამ უმნიშვნელოვანეს გზას“, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.