ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

50-ჯერ გაზრდილი გადასახადი – რატომ მისდის მოსახლეობას გადაჭარბებული თანხა საგადასახადო ქვითრებზე

დედაქალაქსა და რეგიონებში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მომხმარებლები პრეტენზიას გამოთქვამენ, გასულ თვეში, ზედმეტად მაღალი და მოხმარებასთან შეუსაბამო დავალიანების დარიცხვასთან დაკავშირებით. აბონენტები ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ, ერთ-ერთი მათგანი, ზვიად ფოჩხუა „მეტრონომს“ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თუ მანამდე ელექტროენერგიის საფასურს 11-დან 15 ლარამდე იხდიდა, იანვრის თვის გადასახადმა 808 ლარი შეადგინა.

„ოქროყანაში მაქვს სახლი, სადაც ამჟამად არ ვცხოვრობ, ვაკეთებ რემონტს და მოხმარებული ელექტროენერგიიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამდენი იყოს გადასახადი. თანაც, სახლი ახალია, და ძველი დავალიანებაც ვერ იქნება. ამასთან, წინა თვეებში, მხოლოდ 10-15 ლარს ვიხდიდი დენის გადასახადს“ , – აცხადებს ზვიად ფოჩხუა.
მან „თელასისგან“ მიღებული შეტყობინებაც გამოგვიგზავნა, რომელიც ასახავს იანვრისა და წინა თვეების დავალიანებებს შორის კონტრასტს.

აღნიშნულ საკითხზე „მეტრონომი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუკავშირდა.

სემეკმა მომხმარებლებს მოუწოდა, ეჭვის შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებით სწორედ მათ მიმართონ, რათა საქმე დეტალურად განიხილონ.
მარეგულირებელი კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, პირველ რიგში, საჭიროა მრიცხველის შემოწმება, ემთხვევა თუ არა ქვითარზე აღბეჭდილი დავალიანება მრიცხველზე ასახულს, ამის შემდეგ, უნდა დადგინდეს მრიცხველის გამართულობა, შემდეგ კი ჩვენების აღების თარიღი, რომელიც, კანონის ფარგლებში, 30-ე დღეს უნდა მოხდეს.

„ჩვენთან წელს რამდენიმე ზარი შემოვიდა, და Facebook-ზეც მოგვწერეს, თუმცა ოფიციალური საჩივარი არ მიგვიღია. წელს ბუნებრივი აირთან დაკავშირებით, რუსთავიდან მოგვმართეს, სოკარის მომხმარებლებმა, შარშან ასეთივე შემთხვევა იყო გორში, სადაც ჩავიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, იქ იმყოფებოდა ენერგოომბუდსმენიც, შევისწავლეთ 300-მდე აბონენტის ბრუნვის ისტორიაც და საბედნიეროდ, არ დადასტურდა მანიპულაციები. აქციაც გამართეს მომხმარებლებმა, თუმცა მოკვლევის შემდეგ, ყველა მომხმარებელმა გამოიხმო განცხადება.
მომხმარებლებს, პირველ რიში, ვურჩევ, გადაამოწმონ ჩვენება – შეესაბამება თუ არა მრიცხველის რეალური ჩვენება ქვითარზე აღბეჭდილ გადასახადს. მეორე საკითხი კი ჩვენების აღების დღეს ეხება, მოგეხსენებათ, ელექტროენერგეტიკულ სექტორში არის დადგენილი საფეხურებრივი ტარიფები, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30-ე დღეს იქნას წაკითხული ჩვენება,თუ ეს მოხდა 31-ე ან 32-ე დღეს, რაც არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაძლოა, მომხმარებელი გადავიდეს მესამე საფეხურში და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის გამჭოლი ტარიფები, ყოველი კილოვატი გაანგარიშებული იქნება მესამე საფეხურის ტარიფით, რაც სერიოზულად ცვლის საბოლოო სურათს.

ზოგჯერ ანდა 27-28-ე დღეს აუღიათ ჩვენება და დანარჩენი დღეების გადასახადი საშუალო დღიური მაჩვენებლით გამოუთვლიათ და ის გაუვრცელებიათ დანარჩენ დღეებზე, ესეც არაა სწორი, ამ დროს მომხმარებელი ამბობს, რომ ის აკონტროლებს ჩვენებას და დარჩენილ დღეებში ისე ხარჯავს, რომ არ გადავიდეს მესამე ფაზაში“, – განმარტავს ფანგანი.
მისი განცხადებით, უმჯობესია, მომხმარებელმა სემეკს მიმართოს და არა კომპანიას, რადგან სემეკი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საკითხს უფრო დეტალურად შეისწავლის.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, იშვიათად ხდება, რომ მრიცხველი არასწორად აღრიცხავს, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ აქვს ხარვეზი, მაგრამ მსგავს შემთხვევებს მასიური სახე არასდროს მიუღია. რაც შეეხება თქვენ მიერ აღნიშნულ მომხმარებელს, მან აუცილებლად მოგმართოს ოფიციალური საჩივრით. ჩვენ მოვითხოვთ მრიცხველის ექსპერტიზას. არაერთი ასეთი დავა გვაქვს ინდივიდუალურად განხილული. ყოფილა შემთხვევა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა მრიცხველის პრობლემა, მაგრამ საცხოვრებელ სახლში არსებული მეურნეობა ფიზიკურად ვერ მოიხმარდა ამდენს, ელექტროენერგიის კაბელებს აქვს თავისი გამტარუნარიანობა და ის გარკვეულწილად, შეზღუდულია, ამიტომაც, ჩამოგვიწერია თანხები და დაკვირვების რეჟიმში, რა თანხასაც საშუალოდ იხდიდა მომხმარებელი, ის თანხა გაგვივრცელებია გასაჩივრებულ თვეზე. მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს კომპანიას და კომპანია ვალდებულია ექსპერტს შეამოწმებინოს მრიცხველი, მაგრამ ვურჩევდით, რომ ჩვენთან შემოიტანონ განცხადება, რადგან როგორც ადმინისტრაციული ორგანო, უფრო საფუძვლიანად შევისწავლით საკითხს. კომპანია ექსპერტს შეამოწმებინებს და თუ მრიცხველი წესრიგშია, ამბობს ვერფერს ვიზამთო. ჩვენ დანადგარებსაც ვსწავლობთ სახლში და ა.შ. ვიწყებთ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და თუ მომხმარებელი მართალია, ვიღებთ გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ – ჩამოვაწერთ დავალიანებას“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
რაც შეეხება შეკითხვას, დაიფუქსირება თუ არა სემეკს გადასახადის ხელოვნურად გაზრდის შემთხვევევბი, ფანგანი პასუხობს, რომ ხელოვნურად გაზრდის ტექნიკური შესაძლებლობაც კი არ არსებობს.
„კომპანიას დავალიანების ხელოვნურად გაზრდის ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს, ადრე იყო ჭორი, რომ ჰაერს უშვებენ გაზთან ერთად და ა.შ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და დაუშვებელია. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, რომ კომპანიას ხელოვნურად გაეზარდა დავალიანება, თუმცა იყო მრიცხველის წყობიდან გამოსვლის და სხვა ინდივიდუალური შემთხვევები, მაგრამ დენის გაზის და წყლის ერთად აღებული შემთხვევები წელიდში მხოლოდ 10-12-ს თუ აღწევს. რადგან წელს ოფიციალური საჩივარი ჩემი ინფორმაციით, ჯერ არ მიგვიღია, დავალიანების გაზრდის შემთხვევებიც არ დადასტურებულა. ამიტომაც ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს ვურჩევთ, რომ ოფიციალურად მოგვმართონ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებს მომხმარებელთათვის 34 ათას ლარზე მეტი დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ფანგანი განმარტავს, რომ ეს ხანდაზმულ დავალიანებებს ეხება, რომელთა დარიცხვიდან 3 წელზე მეტი გავიდა და ეს დავალიანება სწორადაა დარიცხული თუ არასწორად, სამოქალაქო კოდექსი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების ჩამოწერის საკითხს არეგულირებს.
მომხმარებელთა განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება სოკარი, და აღნიშნავს, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას. პარალელურად, იანვრის თვე დატვირთულია დღესასწაულებით. რაც ბუნებრივია აისახება გაზის მოხმარებაზე.

“მეტრონომი” ცდილობს “თელასთან” დაკავშირებას და უახლესი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მას მკითხველს აუცილებლად მივაწვდით.

https://www.facebook.com/SOCARGeorgiaGas/photos/a.483671038458288/1170932819732103/?type=3&theater

თამთა ქარქაშაძე

იტვირთბა....