ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მოსამართლეთა ვარამი

იუსტიციის საბჭოს და სასამართლოს ირგვლივ აგორებულ პოლიტიკურ ტრილერში ახალი მძაფრი სპირალი დატრიალდა. ის, სხვათა შორის, კარგად ასახავს როგორც ჩვენს პლინტუსის დონეზე დასულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კულტურას, ასევე სახელისუფლო კაბინეტურ ინტრიგებს.

სააკაშვილისდროინდელ მოსამართლეთა მიმართ კარგად გათამაშებული ვარამის უკან ასევე კარგად იკითხება მხარეთა სრულიად კონკრეტული ინტერესები. სასამართლოზე გავლენა და კონტროლი ძალიან მსუყე ლუკმა და ძლიერი ინსტრუმენტია.

ყველას კარგად ესმის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში ცხელი პოლიტიკური ბატალიებია მოსალოდნელი. „საგაზაფხულო შეტევისათვის“ ემზადება ოპოზიცია. ის უკვე აღარ არის წარმოდგენილი მხოლოდ პოლიტიკური პარტიებით.  ხელისუფლებას უკვე არასამთავრობო სექტორის გავლენიანი ნაწილი ოპონირებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების და სხვა მგრძნობიარე მოვლენების გამო. იქით, სააკაშვილის თაოსნობით პოლიტიკურ პროცესებში ერთვება ქართული ემიგრაციის ნაწილი, რომელიც  რევოლუციური სცენარისათვის ემზადება.

ხელისუფლებისათვის კი ასეთ ტურბულენტურ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა პოზიციას დაიკავებს ის გავლენიანი დაჯგუფება, რომელსაც დღეს „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ კლანის სახელით იცნობენ და რომელიც სავარაუდოდ, არა მხოლოდ მოსამართლეებს მოიცავს.

სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ სიტუაციაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ცნობილი განცხადება, შექმნილ მდგომარეობაზე პარტიის პოზიციის დაფიქსირების გარდა, არის აღნიშნული დაჯგუფებისადმი მხარდაჭერის სიგნალი, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და სხვა ძალის მხარდაჭერაზე არ იფიქრონ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის „დისიდენტი“ დეპუტატების კეთილშობილ ინიციატივას  მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მორატორიუმზე, მას როგორც ჯოხს აქვს ორი ბოლო.

მოსამართლის ვადით გამწესება, ჩვენს რეალობაში შეიძლება განიხილებოდეს მასზე ზემოქმედების ბერკეტად. თუმცა, წესიერ და პრინციპულ მოსამართლეზე ეს ბერკეტი ვერ იმოქმედებს.

უვადოდ გამწესება, მოსამართლეებზე ზემოქმედების ამ ბერკეტს კი სპობს, მაგრამ არ არის მათ მიერ სამართლიანი და კანონიერი განაჩენის გამოტანის გარანტი. რატომ?

იმიტომ რომ უვადოდ გამწესებულ მოსამართლესაც შეუძლია მისი ინტერესებიდან, მოთხოვნებიდან თუ კანონთან კავშირში არმყოფი სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მიიღოს საკამათო განაჩენი. რა იქნება ამისთვის სასჯელი? ალბათ მხოლოდ მორალური გაკიცხვა.

საინტერესო და პიკანტური დეტალი აქ ის არის, რომ 2017 წელს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შედგენისას, რომელშიც სხვადასხვა დოზით მონაწილეობდა თითქმის ყველა დღეს მოქმედი ფიგურა, მათ მორჩილად მიიღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ყველა ინსტანციის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. მაშინ არ იცოდნენ რა რეალობა იყო საქართველოს მოსამართლეთა კორპუსში? ვინ ვინ იყო და რა იყო? მეორეს მხრივ, ვენეციის კომისიას იმას ხომ არ ეტყოდნენ, რომ ბოდიშით თქვენს რეკომენდაციას ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ სასამართლო სისტემას მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი მართავსო?!

2016 წლიდან მოყოლებული, უკვე 146 მოსამართლე, მათ შორის იმ ავბედით „ათეულში“ მყოფნი, გამწესდნენ უვადოდ. არადა იმ დროს „კლანის“ არსებობაზე ხომ საერთოდ სიტყვა არავის დაუსველებია.

საინტერესოა, ახლა რატომ არ სთხოვენ რჩევას, ან რეკომენდაციას ვენეციის კომისიას იმ პრობლემების დასაძლევად რის წინაშეც სასამართლო ხელისუფლება აღმოჩნდა?

ზაალ ანჯაფარიძე

იტვირთბა....