ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი დაგროვებითი პენსიის შესახებ, სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე მომზადებულ კანონპროექტს წარადგენს 

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების” წევრი, ბექა ნაცვლიშვილი დღეს, 11 თებერვალს, დაგროვებითი პენსიის შესახებ შესახებ პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც თანხის სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე გადანაწილებას გულისხმობს.

კერძოდ, დაბალშემოსავლიანი ადამიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულ პირებს კი პენსიაზე ხუთი წლით ადრე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, თუ გუნდი ამას უარყოფს, უმჯობესია, ცალკე გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება.

„ამ რეფორმის მიხედვით, დადგინდება უკვე საბაზისო პენსიის ზრდა კანონის მიხედვით. გარდა ამისა, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე და ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან ამ სქემაში, ერთი წლის შენატანის შემდეგაც მიიღებენ უკვე დაგროვებითი პენსიის საფუძველზე გაზრდილ პენსიას. მთავარი აქ ის არის, რომ ეს არის სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული. თუ განვახორციელებთ ისეთ საპენსიო რეფორმას, როგორიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, მათი საპენსიო სარგებელი მომავალში იქნება ძალიან მცირე. ჩვენ ვთავაზობთ მოდელს, რომელიც არის ყველაზე გამოცდილი მოდელი. ამ საპენსიო რეფორმასთან ერთად წარმოვადგენ ხელმისაწვდომი პოლიტიკის საბინაო რეფორმას, რომელიც ამ რეფორმის ნაწილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ფული, რომელიც აკუმულირდება საპენსიო ფონდებში, უნდა წარიმართოს მაქსიმალური სარგებლის საფუძველზე. ეს გულისხმობს სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მყისიერ შედეგს მოუტანს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს. ეს არის უნიკალური შანსი, რომ ძირეულად შეიცვალოს ზოგადად, სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში თუ ამის უარყოფა მოხდება, ე.ი. ჩვენ შორის არის პოლიტიკასთან მიმართებაში ძალიან დიდი განსხვავება და ამიტომ, ჩემთვის უმჯობესია, ცალკე გავაგრძელო პოლიტიკური ცხოვრება, დავტოვო უმრავლესობა და შესაბამისად, უკვე სხვა ოპოზიციის რეჟიმში შევიდე მათთან ურთიერთობაში”,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

იტვირთბა....