“უმრავლესობის ბოლო სხდომაზე მისვლის შინაგანი განწყობა არ მქონდა, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მივედი, ვიყავი, მოვისმინე განსხვავებული აზრი, ვთქვი ჩემი აზრიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წასვლაზე ადვილი არაფერია.
“თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაც რესურსი იწურება, მერე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი. წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის. მე ვთქვი კიდევაც, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე მისვლის შინაგანი განწყობა არ მქონდა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მივედი, ვიყავი, მოვისმინე განსხვავებული აზრი, ვთქვი ჩემი აზრიც. სანამ მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი აზრი გავაჟღერო იქაც და თქვენთანაც, მე მზად ვარ, ეს ვაკეთო, მაგრამ საჯარო სივრცეში პოზიციის დასაბუთებისგანაც მე თავს ვერ შევიკავებ.
ხშირად ვინ სად ვრჩებით, ამით ხდება არსებითი საკითხის გადაფარვა. ჩემთვის ეს არ არის მისაღები. მე მგონია, რომ უმრავლესობაში ჩვენი ყოფნით ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში (მოსამართლეების საქმე) და ახლაც ვაკეთებთ. უღირსი ადამიანების მოხვედრა უზენაეს სასამართლოში ეს არის კატასტროფა, ინსტიტუციონალური ნგრევა ქვეყნის. პარლამენტმა რა კანონებიც არ უნდა მიიღოს, რა მაღალი უფლებრივი სტანდარტიც არ უნდა დაადგინოს, სასამართლომ თუ სტანდარტი ვერ დაიცვა იმიტომ, რომ ღირსება, ან მორალი არ ყოფნის ამისთვის, არაფერი გამოვა. მე არავისკენ არ ვიშვერ ხელს, არაფერში არ ვადანაშაულებ, მე უბრალოდ ზოგადად ვსაუბრობ იმაზე, რომ სასამართლოში გვყავდეს ღირსეული ადამიანები. მიზანი არის უზენაესი სასამართლოს სწორი კონპლექტიზაცია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.