საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბატიაშვილმა უნდა მიიღოს საკადრო პოლიტიკის გადახედვის გადაწყვეტილება და ინსპექტირების პროცესი სისტემურად უნდა შეიცვალოს.
„კომიტეტის საკმაოდ რთული სხდომა გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარია, თუნდაც ნებისმიერი კითხვა პოლიტიკურ ასპექტში იყოს გამორიცხული განათლების სისტემასთან დაკავშირებით. სწორედ ზუგდიდის მეექვსე სკოლის გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში, ერთგვარი მორატორიუმის შეთანხმებაზე, რომელიც, საგანგებო მდგომარეობების გარდა, შეზღუდავს ინსპექტირების სამსახურის შეყვანას საარჩევნო პროცესში, რათა მომავალში გამოვრიცხოთ ყოველგვარი კითხვები, რომელი პოლიტიკური მხარეც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ განათლების სამინისტროში ნებისმიერი განცხადების შეტანისას აუცილებელი გახდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. მარიამ ჯაშის განმარტებით, ასეთი პრაქტიკა უკვე მოქმედებს ჯანდაცვის უწყებაში, პარლამენტის აპარატში და სხვა უწყებებში და აღნიშნულ საკითხს მინისტრი ერთი ბრძანებით გადაწყვეტს.
„მესამე – მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე თანამშრომლები ჩემთვის არ არიან კარგად ცნობილი კოლეგები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი იყვნენ ძალიან დიდი გამოცდილების და დიდი აკადემიური საფუძვლების მატარებლები, რამდენადაც განათლების სისტემა არის საკმაოდ სენსიტიური პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, რამდენადაც ჩვენ გვესმის არაერთი შეფასება, რომ კონკრეტული თანამშრომლები შეიძლება, ყოფილიყვნენ ასოცირებული წინა ხელისუფლების პერიოდიდან დაწყებული და იმ პერიოდში განსაკუთრებით ავალებდნენ კონკრეტული დავალების შესრულებას, თუკი დღეს თუნდაც ერთეულ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ზუგდიდის ამბავზე შეიძლებოდა გაჩენილიყო მსგავსი კითხვა, ვფიქრობ, განათლების მინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკადრო პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გამოცდილ თანამშრომლებს მიეცეთ პროფესიული განვითარების საშუალება ინსპექტირების კუთხით, ოღონდ არა ისეთ სენსიტიურ სისტემაში, როგორიცაა განათლება. და რაც მთავარია, ინსპექტირების პროცესი სისტემურად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსემნებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. კომიტეტზე მინისტრის მისვლა ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.