ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?” – ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ მიმართა.

ბაჩანა შენგელიამ კომიტეტის სხდომაზე საგამოძიებო უწყებებს და განათლების მინისტრს მისი დედის გარდაცვალების საკითხით დაინტერესებისკენ და მორალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

„ამ სხდომამდე მე იმედი მქონდა, რომ მინისტრი შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ შეიძლება რაღაც კანონები დაარღვიეს მისმა მოხელეებმა და შეიძლება, ის ამას გამოიკვლევდა. მაგრამ, მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ის ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი იყო მისთვის ზუსტად მორალური სასჯელი, ის სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა. ის ადამიანი 35 წელზე მეტი ემსახურებოდა განათლების სისტემას.

თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა ღვაწლმოსილ ადამიანს, ყველაზე ღვაწლმოსილს, ვინც კი ზუგდიდში ცხოვრობს. მან ვერ აიტანა თქვენგან ეს, მეუბნებოდა დავწერ განცხადებას, ვიცი ასე მერჩიან, ვიცი წამალაშვილის ამბებიო, რესურსცენტრიდანაც მომდის ამბებიო, ყველა მხრიდან მომდის, ვიცი, გამათავისუფლებენო. მეც ვეუბნებოდი, რადგან არჩევნებია, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო, იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვიცოდი, რომ გაათავისუფლებდნენ. დავწერ განცხადებასო, მაგრამ რატომო? მე ხომ მთელი ცხოვრება ამ ბავშვებს და სკოლას ვემსახურებოდიო? მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სახლიდან სკოლაში იყო რაღაცეები წაღებული. მას ამ სკოლისთვის პროცესორი და ნივთები იქეთ ჰქონდა წაღებული, შემდგომ ეს ყველაფერი დააბრუნეს. მისთვის სკოლა იყო ყველაფერი, სიცოცხლის ნაწილიც და აბსოლუტურად ყველაფერი.

მე დღემდე სახელმწიფო სამსახურში ვარ, ამ წუთის ჩათვლით. გაითვალისწინეთ! არ იფიქროთ აქ რაიმე შუაშია წინა ხელისუფლება და ახალი ხელისუფლება. 2001 წელიდან, ჯერ კიდევ სტაჟიორობიდან რომ დავიწყე, დღემდე სახელმწიფო სამსახურში ვარ, ამ წუთამდე და მაქვს მორალური უფლება ამ ყველაფერზე ვისაუბრო“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე განცხადებით, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ ზუგდიდში სკოლის დირექტორები და თანამშრომლები დააშინეს, რის გამოც ისინი კერზაიას მხარდამჭერ აქციაზე არ გავიდნენ.

„როდესაც მიყურებთ აქ რომ თეთრი პერანგით ვზივარ, შეიძლება გიჟი გგონივართ, რატომ არ ვდგავარ ქუჩაში, ქვებს რატომ არ ვისვრი ან კარავში რატომ არ ვზივარ, არ საიდანღაც რატომ არ ვხტები და თავს რატომ არ ვიწვავ. ალბათ, ადეკვატური და ყველაზე მარტივი იქნებოდა, მე ადვგე და სიგიჟეები ჩავიდინო. იცით, ამას რატომ არ ვაკეთებ? თქვენს საპატივცემულოდ კი არა ან რომელიმე ჩინოვნიკის, მე ჩემს ქვეყანას ვცემ პატივს. მინდა, ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურო ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, როდესაც მორალზე საუბრობთ, წინა ხელისულფების შეცდომებზე, კი, ბატონო, წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მე ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც გარდაიცვალა. პოლიტიკური ქულები ზუსტად ის არის, რომ ჩვენ ვიღაცას ლაპარაკის უფლებას არ ვაძლევთ. მე მაქვს ლაპარაკის უფლება და გთხოვთ ყველა დეპუტატს, დავიწყოთ გამოძიება. ვთხოვ მინისტრს, რომ ამ დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობაც აიღოს და კარგად დაფიქრდეს რაც მან დღეს თქვა“, – აღნიშნა შენგელიამ.

მისივე განცხადებით, ზუგდიდიდ მე-6 სკოლაში არანაირი დარღვევა, მათ შორის, არც სანიტარული ნორმების, არ დაფიქსირებულა.

„აუცილებლად საჭიროა გამოძიება, რომ წამალაშვილები, ჯაფარიძეები, უტიფრად აქ მოსული ქოჩიაშვილები და სხვები, რომლებიც ჩემი მოსაზრებით არიან პირდაპირ დანაშაულში ჩართული და ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ, მათ სამოხელეო დანაშაული აქვთ ჩადენილი და მტკიცებულებები მაქვს ასობით გვერდი, ამის თაობაზე, დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ყველას ძალიან გთხოვთ, როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე. ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ?“- მიმართა ბაჩანა შენგელიამ მიხეილ ბატიაშვილს.

ბაჩანა შენგელიას აღნიშნულ განცხადებებს თავად მინისტრი არ გამოეხმაურა. მიხეილ ბატიაშვილმა სხდომა კომენტარის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

იტვირთბა....