განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში უნარების გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უნარების გამოცდები უქმდება, რადგან არ გაამართლა კეთილშობილურმა ამოცანამ.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უნარების გამოცდების შექმნის მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც უნარები იქცა საგნად და რეპეტიტორებმა მომზადება დაიწყეს, ამ მიზანს უკუშედეგი მოჰყვა.
“უნარების გამოცდების შემოღება იყო კეთილშობილური მიზნით, რომლის მიზანი იყო სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, იყო ამოცანა რომ შეიძლება უჭირდეს სხვადასხვა საგნებში მომზადება, მაგრამ ეს ის სფეროა რომელიც ბავშვმა უნდა დაძლიოს. ფაქტიურად უნარები გადაიქცა, როგორც ცალკე მომზადების სფერო, როგორც ცალკე საგნად, თავის სახელმძღვანელოების გამოცემით, თავისი ლიტერატურული გამოცემით… მაგრამ ვნახოთ შედეგი რა მივიღეთ. ამოცანა რაც გვქონდა, რომ ეს აღმოგვეფხვრა, დღეს სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა, ეს ის შედეგია, რომელიც ეროვნულმა გამოცდებმა მოგვცა. დღევანდელი მონაცემებით საშუალოდ რვა, ცხრა ქულით არის განსხვავება რეგიონსა და დედაქალაქს შორის. ანუ პროექტი, რომელიც იყო შემოღებული ამისთვის, დღეს არის მიღებული პირიქით,”-ამბობს ბატიაშვილი.
მისი თქმით, უფრო ლოგიკურია მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანი და თუ მას ტექნიკური მიმართულებით სურს განათლების გაგრძელება მნიშვნელოვანია ჰქონდეს მათემატიკის კარგი ბაზისი. თუმცა უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად გადაწყვიტონ რა დამატებით საგანს მოითხოვენ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.