ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილიაუნის რექტორი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს სასაუბროდ იწვევს 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია პარასკევს, 19 საათზე დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, ბ 201 აუდიტორიაში იწვევს.

“ამ დღეებში ბევრ ადამიანს გაუჩნდა წუხილი ილიაუნის თაობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ილიაუნის თანამშრომელია, ზოგი – სტუდენტი, ზოგიც უბრალოდ გულშემატკივარი იმ მზარდად პლურალური და პლურალისტური სივრცისა, რომლადაც ეს უნივერსიტეტი ყალიბდება. ცხადია, ეს წუხილი ჩემი წუხილიცაა, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობასაც და არანაირად არ ვაპირებ მას გავექცე. მეც, ილიაუნის მმართველი ორგანოებიც, ადმინისტრაციაც ყველაფერს გავაკეთებთ სტუდენტებთან კომუნიკაციის გასაგრძელებლად, დასამყარებლად, აღსადგენად. ასევე ვაპირებ განსაკუთრებით ბიზნესის მიმართულების პროფესურასთან კონსულტაციებს, რათა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვესახება ამ მიმართულების მომავალი. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ უფრო ფართო დისკუსიისათვის. როგორი უნდა იყოს ილიაუნი, მისი სამომავლო განვითარების ხაზი? როგორი უნივერსიტეტი გვინდა რომ ვიყოთ? რა არის მთავარი პრობლემები და გამოწვევები? რა გვინდა, რომ დარჩეს? რა გვინდა, რომ შეიცვალოს? გიწვევთ ყველას, ვისაც ამ საკითხებზე მსჯელობა გსურთ და ვისთვისაც ილიაუნის განვითარება და მომავალი მნიშვნელოვანია, ჩვენს ყველაზე დიდ, ბ 201 აუდიტორიაში, ჭავჭავაძის 32-ში, პარასკევს, 19.00 საათზე. ეს არ იქნება ჩემი პრეზენტაცია, ეს იქნება ფორუმი ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც ამ საკითხებზე აზრის გამოთქმა სურს”, – წერს ზედანია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....