ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორგანიზაცია “ბიბლიური მზრუნველობა”, პატიმრების სანახავად, სასულიერო პირის სტატუსს მოგანიჭებთ 

საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ახალი რელიგიური ორგანიზაცია – “ბიბლიური მზრუნველობა”, რომელიც პატიმრების თავისუფლად მოსანახულებლად, მოქალაქეებზე სასულიერო პირის სტატუსს გასცემს. ორგანიზაციის დამფუძნებლები უფლებადამცველები – ალექსანდრე კობაიძე და ზაზა ჯუსტიშვილი არიან.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, “ბიბლიურმა მზრუნველობამ” დღეიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო მუშაობა და  სასულიერო პირის სტატუსს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  მიანიჭებს.

მისივე თქმით, რელიგიური სტატუსის მისაღებად საჭიროა გასაუბრების გავლა და  დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო ხარჯების დაფარვა.

“ამჟამად, პენიტენციური სისტემაში არსებული ბიუროკრატიის გამო, პატიმრის ნახვის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრს, სახალხო დამცველს და პარლამენტის წევრს აქვს. პატიმრები საზოგადოებას მოწყვეტილები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას მოკლებულები არიან. დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ მოგვეხერხებინა, რომ ამ ბიუროკრატიულ წნეხში პრობლემა მოგვარებულიყო და ამ პოზიციამდე მივედით. „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული და ლუთერანული ეკლესია – ბიბლიური მზრუნველობა“, პატიმრის პატიმრის ოჯახის წევრი იქნება, მეგობარი თუ ნებისმიერი სხვა პირი, სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს. სტატუსი ამ ადამიანს საშუალებას მისცემს, რომ პატიმარი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეუფერხებლად მოინახულოს.

ეს იქნება ქვეყანაში მოქმედი მთელი რიგი ბიუროკრატიული მექანიზმების შემსუბუქება და ამ მიზნის მიღწევაში ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა შეგვზღუდავს.

ჩვენ გვექნება სპეციალური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მოხდება გასაუბრება. თუ ადამიანი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და გასაუბრებას გაივლის, მას მღვდელმსახურის რელიგიურ საბუთს მივცემთ და ოფიციალური უფლება ექნება პატიმარი, როგორც სულიერი შვილი მოინახულოს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, „ბიბლიური მზრუნველობა“ იურიდიულად, რელიგიური ორგანიზაციაა, მაგრამ მორალურად ვერ და არ იქნება რელიგიური ორგანიზაცია, რადგან ამის ამბიცია არ გვაქვს, ეს გამორიცხულია!

მე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავართ, „ბიბლიური მზრუნველობა“ კი როგორც ხვდებით, მართლმადიდებლური ორგანიზაცია არ არის, რაც დედა ეკლესიასთან იდეურად და იდეოლოგიურად არათავსებადია, მაგრამ ჩვენ იურისტები ვართ და იურიდიულად, ეს წმინდა წყლის იურიდიული საკითხია, რომ ბიუროკრატიული „ხვრელი“ პატიმრის სასარგებლოდ გამოვიყენოთ”, – განუცხადა  ალექსანდრე კობაიძემ “პროგრესნიუსს”.

 

 

იტვირთბა....