კრწანისის საწვრთნელ ცენტრში, 6 თებერვალს, ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა, ერთ-ერთი ახალწვეული კი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და კლინიკაში გადაყვანა ახალწვეულის ემოციურ ფონზე გახდა საჭირო.
კლინიკა “რუსთავის” ექიმის შეფასებით, პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
“იყო გულყრის შემდგომი პერიოდი. კონსულტირებული იქნა ნევროლოგის მიერ, მწვავე პათოლოგია და დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ ენის ბარიერის გამო ვაჩვენე დედას, დედამ კი განგვიცხადა, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა. დავიწყეთ კვლევები. ამ ეტაპისთვის პაციენტს მწვავე დაზიანებები არ აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტური და ადეკვატურია, ორიენტირებულია დროსა და სივრცეში. როგორც თავად ამბობს, თავში აქვს ტრავმა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა. ვიზუალურად დათვალიერდა. კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პათოლოგიური დაზიანება გამოირიცხა. როგორც თვითონ აღნიშნავს, პერიოდულად, როცა ნერვიულობს ემართება ასეთი გულყრა. არანაირი დაზიანება, სისხლჩაქცევა არ ვლინდება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადით გააგრძელებს მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში”, – განაცხადა ექიმმა.
21 წლის ახალწვეულის, ელჯან ეფენდიევის მამის თქმით კი, მისი შვილი კრწანისის საწვრთნელ ცენტრში სცემეს.
“ჩემი შვილი სამი დღეა რაც კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მსახურობს. ის საავადმყოფოში გადმოყვანის შემდეგ თვითონ დამიკავშირდა. მითხრა, რომ სხვა ოთახში გაიყვანეს და რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სანამ ეს დაპირისპირება მოხდებოდა სერჟანტს შევხვდი, მან მითხრა, რომ ჩემს შვილს მიხედავდნან” – აცხადებს ებვრუს ეფენდიევი.