ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის მიერ მინდია გორაძის (ლავას ოღლის) მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ე.წ. “კანონიერ ქურდს” პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მისი საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების შემთხვევაში 12 წლიანი პატიმრობა მოუწევს.
“სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მ.გ. აღიარეს „კანონიერ ქურდად“, იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მ.გ.-ს კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომელთაგან პერიოდულად იღებდა ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის.
2015 წლის 24 თებერვალს მ.გ. მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია „,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,განსხვავებული აქცენტები“-ს ავტორს და წამყვანს, უკმაყოფილება გამოთქვა 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“ – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.