შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ.
“დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს რომ ტელეფონი კი არ მოპარეს არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს რომ ეს იყო ქურდობა – ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას – ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ზრდის ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.
“ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ როგორ 14-18 წლის ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ბუნებრივია ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.