აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველო-მიშა-ვენესუელა (ბლოგი)

ვენესუელაში საზოგადოება დიქტატორ მადუროს გადაყენებას და ცვლილებებს ითხოვს. ნავთობით მდიდარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე მერამდენე ათეული წელი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. დიქტატორების უგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს მმართველობისას კი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი გახდა. ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა. რევოლუციას კი მოგეხსენებათ, გმირები სჭირდება და ასეთ გმირად ვენესუელელებს ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო მოევლინა, რომელიც აშშ-მ და ევროპის უმეტესმა ქვეყნებმა უკვე აღიარეს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. შორეულ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს არ ჩამორჩა საქართველო, რომელსაც იქ საკუთარი ინტერესი გააჩნია. მადუროს რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ხუან გუაიდო პირობას დებს, რომ ვენესუელას მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას გააუქმებს.

ვენესუელაში თავისი ინტერესები აღმოაჩნდა რევოლუციების მოყვარულ აპატრიდ მიხეილ სააკაშვილს. მის ჩვეულ სტილში „მიშა“ დაჟინებით ირწმუნება, რომ საქართველოში მისი თაოსნობით იგივე მოხდება რაც ვენესუელაში.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ვენესუელური სცენარი სააკაშვილის ინტერპრეტაციით, დაახლოებით ასე გამოიყურება, ემიგრანტების აშშ-დან და ევროპიდან მასობრივად ბრუნდებიან საქართველოში, ჩამოაქვთ ფული საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად და შემდგომში აქ დასაბანდებლად, ჩამოსვლამდე ემიგრანტები ახდენენ საქართველოში დარჩენილ და მათზე ფინანსურად დამოკიდებულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზემოქმედებას, რომ ჩაერთონ საპროტესტო აქციებში, უკრაინული სცენარის მსგავსად ძალისმიერი მეთოდებით შემოჰყავთ ქვეყანაში სააკაშვილი, არ აძლევენ მისი დაპატიმრების საშუალებას და უზრუნველყოფენ ქვეყანაში მის შეუზღუდავად გადაადგილებას. საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ აშშ და ევროკავშირი, გრიგოლ ვაშაძე ცხადდება საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად, შეიარაღებული ძალები და პოლიცია გადადიან მათ მხარეს, რის შედეგადაც ეგზალტირებული მასა ადვილად არღვევს პოლიციის კორდონებს იკავებს მთავრობის სასახლეს, პარლამენტს და პრეზიდენტის რეზიდენციას. ივანიშვილის სახლთან მიდის გაშმაგებული ბრბო და მის დასჯას ითხოვს. სააკაშვილი და მასთან გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებენ რომ ქვეყანაში მოხდა დემოკრატიული რევოლუცია და ნიშნავენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს.

თუმცა,  სცენარის მომხრეებს  ალბათ იმედგაცრუება ელით. ფართო საზოგადოების მხარდაჭერა რევოლუციური სცენარისადმი პრაქტიკულად არ არსებობს და ეს ირიბად დაადასტურა NDI-ს ახლახანს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ. ჯერჯერობით არც ხელისუფლება უშვებს ისეთ ფატალურ შეცდომებს, რომ ხალხს მასიურად ქუჩაში გამოსვლისაკენ უბიძგოს. ვენესუელისგან განსხვავებით არც  ივანიშვილი და არც საქართველოს სხვა ლიდერები ნიკოლას მადუროს რეპუტაციით არ სარგებლობენ.  საქართველოს ხელისუფლებამ კი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობით და ვენესუელას საკითხში აშშ-ს პოზიციის უპირობო მხარდაჭერით, პოზიციები დროულად გაიმყარა.

ზაალ ანჯაფარიძე

 

 

იტვირთბა....