ახალი ამბები

გიორგი მაისურაძე: განათლების და მეცნიერების გაბიზნესებამ მიგვიყვანა აკადემიური დონის კატასტროფულ ვარდნამდე

ფილოსოფოსი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი მაისურაძე ამავე უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მაისურაძის შეფასებით, “რუსთავი 2-ის” სიუჟეტი იყო ტენდენციური, გიორგი ქადაგიძის სასარგებლოდ მიკერძოებული, გიგა ზედანიასთან ინტერვიუ კი ისეა ჩაწერილიც და დამონტაჟებულიც, რომ ის ანტიგმირად გამოჩნდეს.

მისივე თქმით, საქართველოში თანდათანობით ნორმად ყალიბდება ტენდენცია – “რაც უფრო მეტად პროფიტულია, მეტი ფული შემოაქვს, უფლებრივადაც წინ უნდა იყოს და მეტ რესურსებსაც უნდა ფლობდეს, ვიდრე ნაკლებად ფულის შემომტანები.

“დღეს პირველად შევეცადე თანმიმდევრულად გავცნობოდი ილიაუნის ბიზნესის სკოლის რეფორმასთან დაკავშირებულ ამბებს. მე არ ვარ აკადემიური საბჭოს წევრი და არც რომელიმე მხარის პოზიციას არ გამოვხატავ, არამედ ჩემი აზრის გამოთქმა მინდა. პირველ რიგში, რუსთავი 2-ის სიუჟეტი არის ტენდენციური და გიორგი ქადაგიძის სასარგებლოდ მიკერძოებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფიგურაა და ბუნებრივია, რომ მის უკან კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები დგას. ეს მიკერძოება ჩანს როგორც შინაარსში, ასევე უფრო მეტადაც გამომსახველობით მხარეში. მაგალითად, გიგა ზედანიასთან ინტერვიუ ისეა ჩაწერილიც და დამონტაჟებულიც, რომ ის ანტიგმირად გამოჩნდეს. ვისაც ოდესმე ტელევიზიასთან ან კინოსთან შეხება ქონია, მიხვდება რასაც ვამბობ. სიუჟეტიდან ჩანს, რომ სტუდენტები, რომლებიც ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ, არ იციან, რომ ფაკულტეტისათვის სახელის გადარქმევა არ ნიშნავს მათთვის კვალიფიკაციის ჩამორთმევას. ყველაზე ნიშანდობლივი ამ ამბავში ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან საშიში ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც საქართველოში თანდათანობით ნორმად ყალიბდება: რაც უფრო მეტად პროფიტულია, მეტი ფული შემოაქვს, უფლებრივადაც წინ უნდა იყოს და მეტ რესურსებსაც უნდა ფლობდეს, ვიდრე ნაკლებად ფულის შემომტანები. ეს სოვდაგრული ლოგიკა, რომელიც მთელი თანამედროვე ქართული პოლიტიკის და სოციალური ცნობიერების ანარეკლიცაა, სრულიად დამღუპველია უნივერსიტეტის ფუნდამენტური პრინციპისთვის, ასევე მთლიანად განათლების სისტემისათვის და სრული მოსპობით ემუქრება განათლებასაც და კულტურასაც. ბიზნესის ფაკლუტეტზე ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს, შესაბამისად ყველაზე მეტი სტუდენტური გადასახადი შემოაქვს უნივერსიტეტში. ამიტომაც მისი ფული ფაკულტეტების გაერთიანების შემდეგ სხვა დარგებზეც გადანაწილდება, რაც სრულიად სამართლიანია, რამდენადაც უნივერსიტეტი ერთიანი და თანასწორუფლებიანი ორგანიზმია და არა კომეციული ბანკი, ან სავაჭრო ცენტრი. როგორც სახელმწიფო უნდა იყენებდეს კომერციული სფეროდან მიღებულ თანხებს არაკომერციული სფეროების დასაფინანსებლად – მაგალითად, განათლება, მეცნიერება, საავტორო ხელოვნება – , ასევე უნივერსიტეტები უნდა იყენებდნენ მომგებიანი ფაკულტეტებიდან შემოსულ თანხებს არამომგებიანების ხელშესაწყობად. უნივერსიტეტი სასწავლოსთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის მთავარი ამოცანაც ახალი ცოდნის ჰორიზონტების შექმნაა, რომელიც ხანგრძლივი და სისტემატური კვლევის შედეგად მიიღწევა. ამდენად, ნებისმიერ საუნივერსიტეტო სფეროს და დარგს ჭირდება მაღალი აკადემიური სტანდარტების მეცნიერები და არა ტრენერები, ბანკირები თუ ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ პროფესიაში საუკეთესოებიც რომ იყვნენ, არანაირად არ ნიშნავს იმასაც, რომ აკადემიური მუშაობისთვის უბრალოდ ვარგისები იქნებიან. განათლების და მეცნიერების გაბიზნესებამ მიგვიყვანა აკადემიური დონის კატასტროფულ ვარდნამდე და მთლიანად ცნობიერების უკუსვლამდე”, – წერს მაისურაძე.

იტვირთბა....