ბახტრიონის ქუჩაზე ტურისტის, ვალენტინო დევასკოს მოტოციკლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ტურისტი პერუდან, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში მოგზაურობს, აცხადებს, რომ ნივთის დაზიანებასთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გახდა.
მისივე თქმით, ფიზიკურად, სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციელი გაუსწორდა.
“ჩემი მოტოციკლი საერთო სადგომზე დავაყენე. მეორე დღეს მისი გადაყენება მთხოვეს და როდესაც ქუჩაში გავედი, დავინახე რომ მოტოციკლი ძირს ეგდო და დაზიანებული იყო. ჩემთან უცნობი მამაკაცი მოვიდა და ყვირილი დამიწყო. მეუბნებოდა, რომ ეს მისი ქვეყანაა და უცხოელი არ უნდა აყენებდეს მანქანას მის ადგილზე. მე ვკითხე მას, თუ ვინ დააზიანა ჩემი მოტოციკლეტი, რის შემდეგაც, მან [ყოფილმა პოლიციელმა] ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. მეზობლების ნაწილი ადასტურებს, რომ ის ყოფილი პოლიციელია. პოლიციაში მითხრეს, რომ მოტოციკლის დაზიანებისა და ჩემზე თავდასხმის მომენტი კამერას რომ დაეფიქსირებინა, მაშინ რამის გაკეთებას შეძლებდნენ. იმედი მაქვს რომ გამოძიებას თავდასხმის მოწმეები შეუწყობენ ხელს,”-განაცხადა ვალენტინო დევასკომ, კურიერთან საუბრისას.
დაზარალებული ტურისტი კომპენსაციას სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს რომ ის გადაადგილებას ვერ შეძლებს.