ქართულ მხარეს ჟენევაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს
როგორც ჩანს, ქართული მხარე რუსულ ხაფანგში ებმება. რუსული „კომერსანტი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ოფიციალურმა თბილისმა და მოსკოვმა უკვე დაასრულეს პროცედურები, პრაქტიკაში მოიყვანონ 2011 წლის შეთანხმება – „საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით“. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შესაძლებელი გახდება ახალი სავაჭრო გზის გაჭრა და სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება.
აღსანიშნავია, რომ რუსული და ქართული მხარეები თვალს ხუჭავენ ამ პროცესის პოლიტიკურ ასპექტზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი არ მალავს, რომ შეგნებულად ხდება პოლიტიკის გვერდის ავლა, რადგან ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ხოლო მოსკოვმა ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა.
ის, რომ მოსკოვმა და თბილისმა ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე დაასრულეს რუსეთის მთავრობაში აქტიურად საუბრობენ. რუსულ პრესას არგუმენტად ის პერიოდი მოაქვს, როცა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანდა და სხვათაშორის, თავის დროზე, ოფიციალურმა თბილისმა ამ პროცესს მწვანე აუნთო. მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ, როგორც ირკვევა, ეს დოკუმენტი არის ზუსტად იმ პაკეტის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოხდა რუსეთის მსო-ში თავის დროზე გაწევრიანება.
რუსეთი მსო-ში 2012 წელს შევიდა. ორი სავაჭრო კორიდორის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმება დღემდე მიღწეული არ არის. რუსული მხარის ინფორმაციით, 7 წელი დასჭირდა იმას, რომ ეს პროცესი დაძრულიყო და დაწყებულიყო აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაცია.
„ყველანაირი ფორმალობა მოგვარებულია და ახლა ხელს არაფერი შეუშლის ამოქმედდეს მექანიზმი საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო მონიტორინგთან დაკავშირებით“ – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა.
როგორც ირკვევა, ისიც კი შეთანხმებულია, თუ ვინ უზრუნველყოფს ტვირთების ნაკადის მონიტორინგსა და მარკირების პროცესს. ეს არის შვეიცარული კომპანია Societe Generale de Surveillance (SGS). აღნიშნული საინსპექციო კომპანია 1878 წელს შეიქმნა და ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება მსოფლიოში.
რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, ხოლო რუსულმა მხარემ – 2018 წელს. ტვირთბრუნვების დროს, ანუ შეთანხმების საბოლოო იმპლემენტაციის შემდეგ, SGS-ის წარმომადგენლები საბაჟო ტერმინალებთან გაჩნდებიან და მონიტორინგს გაუწევენ ტვირთების შესვლასა და გამოსვლას.
შეთანხმების მიხედვით, შვეიცარიული კომპანია ელოდება რუსული და ქართული მხარეების ფულად შენატანს და ამის შემდეგ დაიწყებს მუშაობას. რუსულმა მხარემ თანხა უკვე გადაიხადა. არ ჩამორჩა ოფიციალური თბილისიც და როგორც „კომერსანტი“ ამტკიცებს, გასული წლის ნოემბერში თანხა ქართულმა მხარემაც დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმებით, თანხის ოდენობა გასაიდუმლოებულია, ცნობილი ხდება, რომ საუბარია 5 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე.
საბოლოო შათანხმება უნდა შედგეს 6 თებერვალს, ჟენევაში, ე.წ. ერთობლივი კომიტეტის მიერ, რომელიც უკვე შეთანხმდა ჯერ კიდევ 2011 წელს. როგორც ირკვევა იმპლემენტაციისთვის შესაბამისი მოსამზადებელი პროცესი უკვე დასრულებულია და ამას რუსულ პრესასთან აცხადებს თავად ზურაბ აბაშიძე.
„ამას დასჭირდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი. ეს იმით აიხსნება, რომ პროექტი საკმაოდ არაორდინალურია, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს…“ – ციტირებს აბაშიძე.
ამ პროექტით დაინტერესებულია სომხეთიც. რა თქმა უნდა, ორი კორიდორის გახსნით ამოისუნთქვას ჩვენი მეზობელი ქვეყანაც, რადგან დღეისთვის არსებული მწირი გზები ტვირთბრუნვისთვის სომხეთს თავსატეხს უჩენს. რუსული მხარე არც ამ ინტერესს მალავს. რუსი ჩინოსნები აცხადებენ, რომ ერევანმა სატრანზიტო გზების გახსნის შესახებ არაერთი თხოვნები გაუგზავნა კრემლს. ამას არც კარასინი მალავს. ის პირდაპირ აცხადებს, რომ ამ ორი კორიდორის ამოქმედებით რუსულ-სომხური ერთობლივი ინტერესებიც არის გათვალისწინებული.
„პროცესი დაიწყება მაშინ, როცა ქართული მხარე საბოლოოდ დათანხმდება ტვირთბრუნვა და მისი გაფორმების პროცედურები აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით მოხდეს“ – აცხადებს კარასინი.
რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდნენ კრემლის რუპორები, რომლებიც დამაბრკოლებელ ფაქტორებზე საუბრობენ. კომენტარები იმაზე, რომ საზღვრები, რომლებიც მოსკოვისთვის აღიარებული რესპუბლიკებია, ხოლო თბილისისთვის ოკუპირებული ტერიტორიები, უკვე იწერება რუსულ პრესაში.
„ვინ ვისთან ვაჭრობს? რუსული მხარისთვის ეს არის ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და ასევე თბილისსა და სოხუმს შორის, ისევე როგორც ვაჭრობა ცხინვალსა და თბილისს შორის“ – კრემლის ფარულ პოლიტიკურ ზრახვებს თუ პოზიციებს არ მალავენ რუსი ჩინოსნები ადგილობრივ პრესასთან, რითაც აშკარად ჩანს ეკონომიკური ფორმატის მიღმა მიჩუმათებული რუსული პოლიტიკური ვნებები.
ყველაზე მთავარი ნარატივი, რომელიც ასევე რუსი ჩინოსნებისგან მოდის და რომელიც 6 თებერვლის შეხვედრაზე ქართულ მხარეს მოუწევს გაითვალისწინოს არის ის, რომელსაც „კომერსანტი“ ახმოვანებს: „შეთანხმებისას, ვალდებულებები აიძულებს საქართველოს აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“ – „კომერსანტი“ რუსი ჩინოსნის პოზიციას ახმოვანებს.
ქართული მხარე საკითხის ასე დაყენებას ბუნებრივია არ ეთანხმება, თუმცა ზურაბ აბაშიძის ნარატივი საკმაოდ უცნაურია.
„საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ჩანასახშივე ჩიხისკენ მიგვყავს. ჩვენ ვცდილობთ არ შევიდეთ პოლიტიკურ დებატებში და გვერდი ავუაროთ მახვილ კუთხეებს, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ამ შეთანხმების მთავარი ღირებულება მისი ნეიტრალური სტატუსია“ – აცხადებს აბაშიძე.
მიუხედავად მცდელობებისა ორივე მხარეს გვერდი აეარა პოლიტიკური მოტივებისთვის, არაფერი გამოვიდა და მცირე დაპირისპირება მაინც მოხდა. ქართული მხარე თავის დროზე შეეცადა შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტის დადების დროს, ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამისი ფრაზა ჩაეწერა, რომელშიც საუბარი იყო კანონზე „ოკუპირებული ტეროტორიების შესახებ“. რუსულმა მხარემ კი თავის მხრივ შეახსენა თბილისს და შვეიცარიულ კომპანიასაც, გაითვალისწინონ რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის განკარგულება ამ ორი ტერიტორიის აღიარების შესახებ.
აღნიშნული პროექტის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა.
არეშიძის შეფასებით, პროექტი მოუქნელია, თუმცა, მთავარია, როგორ გამოიყენებს ამას საქართველო და რა გზებით აირიდებს თავიდან რუსულ ზეწოლას.
მისივე თქმით, ჩნდება კითხვები ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით, ადგილობრივი სტრუქტურების ფუნქციასთან დაკავშირებით და ა.შ.
“ამ ტერიტორიაზე მოძრავ ტრანზიტულ ტვირთებს, საქართველოს მხარის დაჟინებული მოთხოვნით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან შეხება არ ექნებათ, არ გადაიხდიან სატრანზიტო თანხას, მებაჟეებს კი ტვირთის შემოწმების უფლება არ ექნებათ, შესაბამისად, ეს ერთგვარი მორალური ხაზგასმა იქნება იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი არ არის.
დოკუმენტი შეიქმნა 2011 წლის ნოემბერში, ასეთი ფორმა მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა, რაც დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან, ერთგვარი რევერანსი იყო, საქართველოს მიმართ, იმისთვის, რომ საქართველოს დაერთო რუსეთისთვის ნება, მომხდარიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, – განმარტავს არეშიძე.
ექსპერტის აზრით, საქართველოს არ მოუწევს არცერთი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
“პროექტი მხოლოდ საავტომობილო გზას ეხება, აფხაზეთის შემთხვევაში კი რუსეთს საავიაციო, საზღვაო და სატრანზიტო გზებით ნებისმიერი ტვირთის გადმოტანა შეუძლია. სამხრეთ ოსეთის რეგიონში კი მხოლოდ საავტომობილო გზა აქვს, მაგრამ აქაც განსაკუთრებული შედეგები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ამ პროექტით არ იკვეთება, ამიტომაც პროექტი შუალედურია“, – განაცხადა ექსპერტმა.
ასე რომ, გვინდა ეს თუ არა, მოგვწონს ეს, ე.წ. ნეიტრალური სტატუსის მქონე შეთანხმება თუ არა, ეკონომიკური ფორმატს ავტომატურად გადავყავართ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეკონომიკურად ყველა მხარე მომგებიან პოზიციაში რომც აღმოჩნდეს, ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმების იმპლემენტაციაზე საუბრის დროს, კარასინიც და აბაშიძეც პოლიტიკურ ნარატივებს გაურბიან, ვინ დარჩება პოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში? ეკონომიკური პროექტი აშკარად პოლიტიკურ მკლავჭიდში გადადის, რომელშიც კრემლი მომგებიან პოზიციაში მოსჩანს, რაც მეთოდურად მიგვაჩოჩებს რუსული ინტერესებისკენ. მიუხედავად ჩვენი მხრიდან გარკვეული ვალდებულებებისა, ქართულ მხარეს 6 თებერვალს დანიშნულ შეხვედრაზე მოუწევს ფრთხილად იყოს, ფართოდ გაახილოს თვალები და იქნებ შეამჩნიოს კრემლის მიერ დაგებული დიპლომატიური კაკანათი.
გენო ჯოხიძე
თამთა ქარქაშაძე