დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს, რაც ნიშნავს, რომ საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (მე-9 კლასი) პროფესიის შესწავლის პარალელურად ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.
ასევე სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შეეძლებათ, ისწავლონ პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებული იქნება დამსაქმებელთა მონაწილეობით.
დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები – ე.წ. ზრდასრულთა გადამზადება, რაც ბაზარზე არსებული მოთხოვნების (ვაკანსიების) შესაბამისად მოხდება და მოსახლეობის უნარების განახლებასა და ახალი კომპეტენციების შეძენას ისახავს მიზნად.
ამასთან, იწყება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვა. ეს გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობას პროფესიული პროგრამების განხორციელებაში, გაცვლითი პროგრამების დანერგვას, საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას და სამუშაოზე დაფუძნებული დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდას.
პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური ტექნოლოგიების სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები კერძო სექტორთან მაქსიმალური ჩართულობით მოხდება. რეფორმა საპილოტე რეჟიმში 2019 წლის მარტიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების პროფესიულ სასწავლებლებს.