ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური მილის გახეთქვამ სახლების დატბორვა გამოიწვია

ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და მანქანები დაზიანებულია. წყალმა შეაღწია შენობების პირველ სართულებზე, დაზიანებულია სალონების, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.

დაზარალებულები ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ძლიერი ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მათ სახლებში წყლის ნიაღვარი შევარდა.

„შემოხეთქა ეს ფანჯარა. აქამდე იყო წყალი ამოსული, კარებს ვერ ვაღებდი. ფაქტიურად აღარაფერი არ მაქვს სახლში,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)” განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზუსტი ოდენობის დათვლა და ისინი მას სრულად აანაზღაურებენ.

„ეს არის მაგისტრალური მილი. 900 მილიმეტრიანი თუჯის მილია, რომლითაც ხდება მთაწმინდის რაიონის მომარაგება. როგორც კი შემოვიდა ჩვენთან დაზიანების შესახებ ინფორმაცია მოხდა წყლის გადაკეტვა. გარკვეული პერიოდი სჭირდება მილში დარჩენილ წყალს რომ დაიცალოს და შესაბამისად იყო დინების გაგრძელება მაინც. დღის ბოლომდე, შეიძლება გამთენიისას მოხდება ამ მილის აღდგენა და მიეწოდება მოსახლეობას წყალი. ჩვენ ვთვლით სათითაოდ, ყველა მოსახლესთან შევალთ. მოხდება აღწერა და შესაბამისად ავანაზღაურებთ აბსოლუტურად სრულად მიყენებულ ზიანს. იქნება ეს ავტოტრანსპორტი, ელექტრო ტექნიკა თუ სახლის რაიმე ნაწილი თუ არის დაზიანებული,“-განაცხადა კომპანია ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ.

იტვირთბა....