უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსება განიხილება. დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს.
“ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები. შემიძლია თანაავტორადაც კი დავასახელო თავი ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი”, — განაცხადა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში არ შევიდა და სამუშაოდ ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანთა სასახლე არჩია.