„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივან ლიკა საჯაიაზე დაყრდნობით bpn.ge წერს, რომ პარლამენტის 54 წევრი არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო, 1000 ლარით დაჯარიმდა
საუბარია, ორგანიზაციის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხსენიებულ დეპუტატებზე, რომელთაც ქონებრივი დეკლარაცია არასწორად ჰქონდათ შევსებული.
„2017 წელს ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც დავწერეთ, რომ პარლამენტის 54 წევრს დეკლარაცია არასწორად ჰქონდა შევსებული – ზოგს ბიზნესში წილის დაწერა “დაავიწყდა” და ზოგს ის, რომ კიდევ ერთი ბინა ჰქონდა . მაშინ პარლამენტის წევრები პირდაპირ მიზანმიმართულ სიცრუეში გვდებდნენ ბრალს. ამის შემდეგ, საჯარო სამსახურის ბიუროს მივმართეთ განცხადებით, რომ ამ დეკლარაციების მონიტორინგი დაეწყო. რამდენიმე დღის წინ კი, მივიღეთ წერილი, რომ პარლამენტის იმ 54 წევრის დეკლარაცია, რომელზეც ვსაუბრობდით, უარყოფითად შეფასდა და 1 000 ლარით დაჯარიმდნენ“, – აცხადებს საჯაია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2017 წლის ანგარიშში მოხსენიებულ დეპუტატებს შორის არიან: ლევან კობიაშვილი კობა ნარჩემაშვილი, ნინო წილოსანი ირმა ინაშვილი, სოფიო კილაძე და ა.შ.